silk-road

The Silk Seven Plus (S7+) ინიციატივა

2026-05-30

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვზე, კონგრესის Rayburn House საოფისე შენობაში, 2026 წლის 20 აპრილს გამართულმა სემინარმა, სადაც New Lines Institute-მა ახალი Silk Seven Plus (S7+) ინიციატივის პრეზენტაცია გამართა, მკაფიოდ აჩვენა: გლობალურ პოლიტიკაში ახალი არქიტექტურა იქმნება და ამ პროცესში საქართველოს როლი უალტერნატივოა.

 რა არის S7+ და რატომ ვაშინგტონი?

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის New Lines Institute ინიციატივა მიზნად ისახავს ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის (ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი), აზერბაიჯანის, პაკისტანისა და ავღანეთის ერთიან ეკონომიკურ ბლოკად (ASEAN-ის მოდელით) ჩამოყალიბებას. მიზანი მარტივია: რეგიონმა ერთიანი ხმით ისაუბროს, თავი აარიდოს რუსულ-ჩინურ დომინაციას და გაჭრას ახალი სავაჭრო დერეფნები.

როგორ უკავშირდება ეს საქართველოს ევროინტეგრაციის სტრატეგიას?

ვაშინგტონის სემინარზე გამოკვეთილი ტენდენციები პირდაპირ აძლიერებს საქართველოს პოზიციებს ევროკავშირთან ურთიერთობაში სამი ძირითადი მიმართულებით:

1. "შუა დერეფნის" უალტერნატივო დასავლური კარიბჭე (Gateway):

აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი S7+ გეგმა ითვალისწინებს ტვირთებისა და კრიტიკული მინერალების ნაკადის მიმართვას დასავლეთისკენ. ვინაიდან აზერბაიჯანი ამ პროექტის ოფიციალური წევრია, ტრანსკასპიური მარშრუტი ფიზიკურად ვერ დასრულდება საქართველოს პორტებისა (ფოთი, ანაკლია) და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გარეშე. ჩვენ ვხდებით ხიდი, რომელიც აზიურ გიგანტურ ბლოკს ევროკავშირის ერთიან ბაზართან აკავშირებს.

2. ევროკავშირის ენერგეტიკული და ლოგისტიკური უსაფრთხოების გარანტი:

ბრიუსელისთვის საქართველო აღარ არის მხოლოდ ასოცირებული პარტნიორი – S7+ კონტექსტში ჩვენ ვხდებით ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის გარანტი. რაც უფრო მეტად სჭირდება ევროპას ალტერნატიული რესურსები რუსეთის გვერდის ავლით, მით უფრო იზრდება საქართველოს, როგორც უსაფრთხო ჰაბის ფასი დასავლეთის თვალში.

3. გეოპოლიტიკური უპირატესობა OTS-თან (თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციასთან) მიმართებაში:

როგორც ვაშინგტონში აღინიშნა, OTS შეზღუდულია ეთნიკური იდენტობით. S7+ კი წმინდად ეკონომიკური და გეოგრაფიული პროექტია. საქართველო, რომელიც არ არის თურქული სამყაროს ნაწილი, ამ მოდელში არათუ არ კარგავს ფუნქციას, არამედ იძენს უნიკალურ როლს – იყოს ამ მრავალეროვანი აზიური კოალიციის მთავარი გამტარი ევროპაში.

 დასკვნა:

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია მხოლოდ საშინაო რეფორმები არ არის; ეს არის გლობალურ გეოპოლიტიკურ პროექტებში სწორი პოზიციონირება. ამერიკული S7+ ინიციატივა გვაძლევს ისტორიულ შანსს, დავამტკიცოთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არის არა დასავლეთის "ტვირთი", არამედ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული აქტივი ევრაზიის კონტინენტზე.

დათო გოჩავა

წყარო: newlinesinstitute.orgcaspianpolicy.org