
,,ქართველი ხალხი და სომხის ხალხი, ეს ორი ერი დიდი და ძველი კულტურისა, უახლოესად დაკავშირებულია ერთმანეთთან.
ეს კავშირი განიზომება არა წლებით, არა საუკუნეებით, არამედ ათასეული წლებით. ქართველ ხალხსა და სომხის ხალხს ათასეული წლების მანძილზე აერთებდა არამხოლოდ გეოგრაფიული მეზობლობა. ეს რასაკვირველია ცოტაა; მათ აერთებდა ამაზე მეტი: ნათესაობა კულტურისა. კიდევ მეტი: მათ ჰქონდათ ერთი ისტორიული გზა.
ისტორიამ ქართველ ხალხსა და სომხის ხალხს წილად არგუნა მკვიდრობა კავკასიაში, იმ მიჯნაზე, სადაც უძველესი დროიდანვე ერთმანეთს ეხებოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურულ მსოფლიოთა ზღვარი.
ეს წარმართავდა ამ ორი მოძმე ერის ისტორიულ ბედს. ქართველ ხალხსა და სომხის ხალხს ერთად უხდებოდათ - მსგავს ისტორიულ პირობებში - როგორც კულტურული მშენებლობის წარმოება, ისე ბრძოლა ნაციონალური თვითმყოფობის შესანარჩუნებლად.
გარკვეული ხანიდან ქართველმა ხალხმა და სომხის ხალხმა მტკიცედ აიღეს დასავლეთის კულტურის ორიენტაცია, და საქართველო და სომხეთი მრავალ-საუკუნეთა განმავლობაში იყო სასაზღვრო ფორპოსტი დასავლეთის კულტურისა აღმოსავლეთის კარებთან. მრავალი ქარტეხილით არის აღბეჭდილი ქართველი ხალხისა და სომეხი ხალხის ისტორიული თავგადასავალი.
და როდესაც ვეცნობით გმირობით აღბეჭდილ ფურცლებს ქართველი და სომეხი ხალხის ისტორიისა, ჩვენ სიამაყის გრძნობით გვავსებს ამ ორი მონათესავე ერის დიდი სიბრძნე - ინტერესთა ერთობის შეგნებისა, ის ძმური თანამშრომლობა, რომელსაც ეწეოდა ეს ორი ხალხი, ისტორიული ვითარების გამო განმარტოებაში მოქცეული აღმოსავლეთის მიჯნაზე - უცხო გარემოცვაში.
ცოტაა წარსულში მაგალითი ორი ერის ასეთი უახლოესი, მთელი ისტორიის მანძილზე გამტანი კონტაქტისა, როგორსაც წარმოგვიდგენს საქართველოს და სომხეთის ძველი ისტორია.
რასაკვირველია შემთხვევითი არ იყო ის გარემოება, რომ ქართველი ხალხი და სომხის ხალხი მე-4 საუკუნეში ერთდროულად იღებენ ქრისტიანობას და კერძოდ ამითაც გამოხატავენ თავის ნათესაობასა და კავშირს დასავლეთის, ევროპის მსოფლიოსთან.
მას შემდეგ მე-4-7 საუკუნეთა მანძილზე ქართველ ხალხსა და სომხის ხალხს ერთად უხდებათ ბრძოლა ეროვნული თვითმყოფობის შესანარჩუნებლად ირანის იმპერიის შემოტევის წინააღმდეგ. და თუ სომხის ხალხი სიყვარულით იგონებს მე-5 საუკუნის გმირის ვარდან დიდის სახელს, რომელმაც სომხეთის სხვა გმირებთან ერთად თავი დასდვა სომხეთისათვის ავარაირის ღირსსახსოვარ ბრძოლაში ირანელ მოძალადეთა წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ხსოვნაში ასეთივე შარავანდედით არის მოსილი სახე მე-5 საუკუნის გმირის ვახტანგ დიდის გორგასარისა.
შემდეგ, მე-7 საუკუნის ნახევრიდან მოკიდებული, სომხეთმა და საქართველომ ერთად განიცადეს არაბთა შემოტევა. საქართველოში და სომხეთში არა ერთხელ დანთებულა ბრძოლის ცეცხლი არაბთა ძალადობის წინააღმდეგ. ქართველი ხალხი და სომხის ხალხი არ არიან შობილნი მონობისათვის. არაბთა მფლობელობამ ვერ გასტეხა გმირი ქართველი ერი და გმირი სომხის ერი, მათ გაუძლეს არაბთა მფლობელობის ჟამთა-სიავეს, და ამის შემდეგ ისევ იწყება საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოებრივი აღორძინება, იწყება ისევ ერთდროულად.
და როდესაც ვეცნობით ამ ეპოქის საისტორიო დოკუმენტებს, ან თუნდაც ეპოქის უტყვ ძეგლებს, მატერიალური კულტურის იმ ბრწყინვალე მონუმენტებს, რომლებითაც დაფარულია საქართველოს და სომხეთის ქვეყნები, ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენია საერთო საქართველოს და სომხეთის როგორც ისტორიულ თავგადასავალში, ისე მათ კულტურაში."
პავლე ინგოროყვა, ქართველი ისტორიკოსი, რუსთველოლოგი