
2026-05-09
ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ, რობერტ შუმანმა 1950 წლის 9 მაისს წამოაყენა ევროინტეგრაციის იდეა.
მიხეილ მუსხელიშვილი ერთ–ერთი იმ ქართველთაგანი იყო, რომელიც ევროკავშირის შექმნასა და ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლას ქადაგებდა. მან დიდად გაუსწრო თავის დროს და ევროკაშირისა თუ ევროგაერთიანების იდეით აღტაცებულმა მრავალი ნაშრომი უძღვნა ევროპულ ფედერალიზმსა და ფედერალისტურ მოძრაობას. საგულისხმოა, რომ მის უკანასკნელ მონოგრაფიას ერქვა "ფედერალური სტრუქტურები".
1950 წლის 6 აგვისტოს სტრასბურგში, ევროკონფერენციის გახსნის წინა დღეს, ევროპის 8 ქვეყნის 300-მა სტუდენტმა, ევროგაერთიანების მხურვალე ინიციატორის მიშელ მუსხელისა და კიდევ სამი სხვა პროფესორის წინამძღოლობით, მოშალა საფრანგეთ–გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა. "ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ. დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს", - უთქვამს მაშინ მიშელ მუსხელს...
1940–1945 წლებში მიშელ მუსხელი ეგვიპტეში ცხოვრობდა და ლექციებს კაიროს ფუადის უნივერსიტეტში კითხულობდა. 1948 წლიდან სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი იყო. 1959 წელს საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევითი ცენტრი დააარსა და ამ ცენტრს ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე. 1953–1964 წლებში მიწვეული პროფესორის სტატუსით აშშ–ის უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდა. მას გერმანიაში, შვეიცარიასა და სკანდინავიის ქვეყნებშიც იწვევდნენ.
ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტი მიხეილ მუსხელიშვილის შემოქმედებიდან:
- 1948 წელს მან ფრანგ კონსტიტუციონალისტ სტეფან გასტონთან ერთად შექმნა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პროექტი, რომლის მნიშვნელოვანი დებულებები ასახულია თანამედროვე ევროკავშირის სამართალში. კონსტიტუციის პროექტში დეტალურად გაწერილია პოლიტიკური და სოციალური დემოკრატიის პრინციპები, რაც დაფუძნებულია მშვიდობაზე და სოციალურ სამართალზე ფედერაციის ერთიანობაში და ფედერაციული სახელმწიფოების განსხვავებულობაში.
- ერთიანი ევროპული ბაზრის შექმნისა და ევროგაერთიანების ინსტიტუციების დაარსების იდეა.
- ევროპაში საზღვრების მოშლის კონცეფცია, რაც განხორციელდა “შენგენის ზონის” სახით, რამაც ევროკავშირში ფაქტობრივად საზღვრები მოშალა.
- ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მოდერნიზაცია და ევროპული საგანმანათლებლო სისტემების და პროგრამების ჰარმონიზაცია, რისი ანალოგიც არის ,,ბოლონიის პროცესი’’ .
მიშელ მუსხელი ცნობილი იურისტი და არაერთი გაერთიანების წევრი და ხელმძღვანელი იყო: ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, ფედერალური ევროპის მოძრაობის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ევროპის ფორმირების ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის დამაარსებელი და გენერალური მდივანი.
წყარო: nplg.gov.ge; netgazeti.ge