commercial-diplomacy

ანაკლიის პორტი თუ თბილისის ბირჟა?!

2026-05-08

"კომერციულ საქმეს კომერციული ნიადაგი უნდა ჰქონდეს. ეკონომიკა აღარავის ახსოვს, ლამის გადავყვეთ ამ პოლიტიკას!’’- დავით სარაჯიშვილი, ქართველი მრეწველი და ქველმოქმედი.

განსხვავებული მოცემულობების ერთურთთან დაკავშირება სიმამაცეს მოითხოვს. გაბედული ნაბიჯებით მოძრაობა კი მოითხოვს ეკონომიკის ცოდნას.

თანამედროვე პორტები კარგად მოწყობილი ბეტონის კონსტრუქციების და/ან რკინიგზების გამო არ მუშაობენ.

პორტს ტვირთავს ეკონომიკა!

მაგრამ, როგორი ეკონომიკა?

პორტები, რკინიგზები, მილსადენები, ციფრული სისტემები, დაბალი ან მაღალი გადასახადები არ არის გარანტი ქვეყნის კეთილდღეობის. პორტები და რკინიგზები ჩრდილოეთ კორეასაც აქვს და ასევე ირანსაც.

ვისი რესურსებით უნდა აშენდეს ანაკლიის პორტი და როგორ უნდა გაიზარდოს მისი შემოსავლები?

პორტის მშენებლობის მთავარი ინვესტორები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. პორტის აქციები უნდა განთავსდეს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ბირჟაზე, რომელთაც მოქალაქეები შეიძენენ გამჭვირვალედ, თავისუფლად და ხელმისაწვდომ ფასად (პირობითად ერთი აქციის ნომინალური ღირებულება - 100 ლარი).

პორტის აქციების გაყიდვიდან მიღებული საინვეატიციო კაპიტალით უნდა დაფინანსდეს პორტის მშენებლობა და მისი ტექნიკური აღჭურვაც.

საფონდო ბირჟასთან ერთად, ასევე უნდა დაფუძნდეს სასაქონლო ბირჟა. სასაქონლო ბირჟაზე უნდა შედგეს ევროპულ და აზიურ კომპანიებს (მყიდველსა და გამყიდველს) შორის სავაჭრო გარიგებები. ეს იქნება თავისუფალი სავაჭრო მოედნები მწარმოებლებსა და ვაჭრებს შორის სამართლიანი გარიგებებისთვის. ყველაზე სამართლიანი ფასები ყალიბდება სწორედ ასეთ სავაჭრო მოედნებზე - ბირჟებზე. მაგალითისთვის, ამსტერდამის ბირჟა შეიქმნა 1602 წელს.

თავად ბირჟების ორგანიზაციული ფორმა უნდა იყოს სააქციო საზოგადოება. ცხადია, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ბირჟების საქმიანობის მარეგულირებელი ფუნქცია და ეს უნდა იყოს ფასიანი ქაღალდების კომისია, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში იქნება სრულიად დამოუკიდებელი. ბიზნეს-სამართლის მაღალი სტანდარტი სწორედ ასეთი წესრიგით მიიღწევა. ბირჟები არეგისტრირებენ სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებს, ფასიანი ქაღალდების კომისია უწესებს მათ ასეთი გარიგებების მომსახურებისთვის ნორმატივებს, ლიმიტებს და სტანდარტებს. დაშვებულია, რომ სახელმწიფოც ფლობდეს პორტის აქციების მცირე რაოდენობას, როგორც საბლოკო პაკეტს (ეს გადაწყვეტილებებში ვეტოს უფლებას ნიშნავს).

ბირჟაზე დაფიქსირებული შეთანხმებების შესასრულებლად, ფულად ანგარიშწორებებს შემდეგ უზრუნველყოფენ კომერციული ბანკები.

თანაბარ პირობებში, დამოუკიდებელი ბანკების და დამოუკიდებელი ბირჟების ფუნქციონირებით ყალიბდება საბაზრო ეკონომიკა, რომელიც საქართველოს, დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე ერთი დღეც არ ქონია.

საფონდო ბირჟაზე არა მხოლოდ პორტების, არამედ სხვადასხვა დარგობრივი საწარმოების - სარკინიგზო, საავიაციო, ფინანსური, ინდუსტრიული, ლოგისტიკური და სხვათა ფასიანი ქაღალდები - აქციები და ობლიგაციები უნდა ივაჭრებოდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის პრივილეგირებულად, და მხოლოდ ამის შემდეგ უცხოური კომპანიებისთვის. მოქალაქეები და კომპანიები დროთა მანძილზე, ჯილდოვდებიან ფასიან ქაღალდებში განხორციელებული ინვესტიციების უკუგებით - აქციებზე დივიდენდებით, ხოლო ობლიგაციებზე - სარგებლის წლიური განაკვეთებით.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ ბალტიის ქვეყნების კეთილდღეობა, სწორედ საბაზრო ეკონომიკის დანერგვამ განაპირობა. ბალტიელები დღეს ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში წარმატებით ქმნიან დოვლათს. ხოლო ტალინის საფონდო ბირჟაზე არაერთი წარმატებული კომპანიის ფასიანი ქაღალდები კოტირდება.

დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ საქართველოში ჩატარდა ვაუჩერიზაცია, მაგრამ მოსახლეობისთვის ეკონომიკური შედეგი იყო ნულოვანი. რადგან ქვეყანაში არ არსებობდა გამართული საფონდო ბირჟა, სადაც, მოქალაქეები სახელმწიფოსგან მიღებულ ვაუჩერებს, გადაცვლიდნენ კონკრეტული ფაბრიკის/ქარხნის აქციებში და გახდებოდნენ ეკონომიკური სიმძლავრეების თანამონაწილენი. კაპიტალის თავისუფალი ბაზრის გარეშე, ვერც პრივატიზაციის პროცესი ხელშესახებად ვერ ზრდის ქვეყნის კეთილდღეობის ინდექსს, საერთაშორისო რეიტინგებში.

თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება და კეთილდღეობის სახელმწიფო ყალიბდება იქ, სადაც აქვთ საბაზრო ეკონომიკა. ამას ადასტურებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის სიტყვებიც: "ეკონომიკური თავისუფლების გარეშე, ყოველგვარი თავისუფლება მიუღწევადია".

ავტორი: ზურაბ მაღრაძე