
2026-04-09
ამჟამად ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის გადაზიდვა კასპიის ზღვიდან ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზით ხორციელდება, ხოლო ზანგეზურის დერეფანი ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება - ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიით გადაზიდული ტვირთის მოცულობა არც ისე დიდია, ამიტომ ზანგეზურის დერეფანი ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება.
„ეს დერეფანი აღმოსავლეთით კასპიის ზღვიდან გადაიჭიმება და ჩვენ მის გაშვებაზე ვმუშაობთ. თურქეთის მონაკვეთი 224 კმ სიგრძისაა და მას საფუძველი 2025 წელს ჩაეყარა,“ - ამბობს მინისტრი.
ურალოღლუ, ასევე, დასძენს, რომ აზერბაიჯანული მხარე თავის ტერიტორიაზე ზანგეზურის დერეფნის სამუშაოების დასრულებასთან ახლოსაა.
„ნახიჩევანში სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ყველანაირი სამუშაოს დასრულების შემდეგ ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზითა და ზანგეზურის დერეფნით იქნება უზრუნველყოფილი,“ - ამბობს თურქი მინისტრი.
ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს დერეფანი არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ ეს არის მოკლე გზა ცენტრალურ აზიაში და თურქული სამყაროსკენ.
გასულ კვირას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფნის საავტომობილო გზის მშენებლობის, თითქმის, 90% და რკინიგზის, დაახლოებით, 70% დასრულებულია. ასევე, ყარსი-იგდირი-არალიკი-დილუჯუს რკინიგზის პროექტის ფარგლებში, რომელიც თურქეთს აზერბაიჯანულ ექსკლავ ნახიჩევანთან დააკავშირებს, თურქეთის ქალაქ ყარსში დეპოს მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება. ამასთან, ყარსი-იგდირი-არალიკი-დილუჯუს რკინიგზის პროექტი ხუთი გვირაბის მშენებლობას მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძე 11.5 კმ-ია. ახალ ხაზზე მატარებლები 160 კმ/სთ-მდე სიჩქარით იმოძრავებენ. პროექტის დასრულება 2029 წლის 24 სექტემბერს იგეგმება. პერსპექტივაში ნახიჩევანი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტის (TRIPP) ერთ-ერთი მიმართულებაა, ბთყ-ის რკინიგზას დაუკავშირდება.
ცნობისთვის: ამჟამად ბთყ-ის რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მაქსიმალური მოცულობა წელიწადში 5 მლნ ტონას შეადგენს, მაშინ, როცა ზანგეზურის დერეფნით წელიწადში 15 მლნ ტონის გადაზიდვა იგეგმება.
ზანგეზურის დერეფანი 42-კილომეტრიანი სატრანსპორტო მარშრუტი იქნება, რომელიც აზერბაიჯანის მატერიკულ ნაწილს ექსკლავ ნახიჩევანთან სომხეთის გავლით დააკავშირებს. პროექტის გააქტიურება აგვისტოს დასაწყისში, ვაშინგტონში დაიწყო, როცა აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე მას „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის,“ ანუ TRIPP ეწოდა.
იანვრის შუა რიცხვებში სომხეთი და აშშ შეთანხმდნენ, რომ TRIPP-ის პროექტის ფარგლებში სომხეთში სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიზნით ერთობლივ საწარმოს დააარსებენ. TRIPP-ის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კომპანია, TRIPP Development იქნება პასუხისმგებელი, რასაც აშშ გააკონტროლებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის “საგზაო რუკაში” წერია, რომ სომხეთი აპირებს, აშშ-ს კომპანიაში 74%-იანი წილი შესთავაზოს, თავად კი 26% შეინარჩუნოს. თუმცა სამომავლოდ სომხეთის წილი შესაძლოა, 49%-მდე გაიზარდოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ