
2026-01-17
2008 წლის აგვისტოს ომი ნამდვილად იყო გლობალური წესრიგის შოკი. "ხუთი დღე რომელმაც შეძრა მსოფლიო".
საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენი კონტინენტის მშვიდობის გეოპოლიტიკური გარანტი გახდა ევროკავშირი და მოსკოვი. სსრკ-ს შემდეგაც მოსკოვი დარჩა პოლუსად.
ეს გეოპოლიტიკური კონცეფცია დაეყრდნო ჰიტლერის გეოპოლიტიკოსის ჰაუსჰოფერის მოწაფის შმიდტის იდეას და მოსკოვი და გაერთიანებული გერმანია გახდნენ ევრაზიული კონტინენტის ღერძი.
ანუ, სსრკ-ს დაშლას არ გამოუწვევია გლობალური და კონტინენტური გეოპოლიტიკური ცვლილებები და მითუმეტეს არ ყოფილა კატასტროფა მოსკოვისთვის. მოსკოვმა შეინარჩუნა გეოპოლიტიკური პოლუსის სტატუსი და ევროპასთან ერთად ევალებოდა მშვიდობის შენარჩუნება.
ეს წესრიგი მოსკოვმა თავად დაარღვია.
ომით გაილაშქრა აღმოსავლეთ ევროპაზე, საქართველოზე. ეს იყო გეოპოლიტიკური შოკი.
მოსკოვზე გეოპოლიტიკურად (გაზი, ნავთობი, რუსული ბაზარი) მიბმული დასავლეთ ევროპა არ იყო მზად ასეთი სცენარისთვის.
აღმოსავლეთ ევროპის (ნატოს-ს წევრი) ოთხი ქვეყნის პრეზიდენტი, კაჩინსკის ლიდერობით გადაეფარა საქართველოს და აიძულეს ჩვენი დაცვა. ანუ, ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპულმა ფლანგმა (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, უკრაინა) დაიცვა საქართველო და ბუშს სხვა გზა არ ჰქონდა, ომი უნდა გაეჩერებინა.
მაგრამ მოსკოვი ჯერ კიდევ რჩებოდა პოლუსად და ევროპას "ხელებს უგრიხავდა", რომ ეცნოთ საქართველო მოსკოვის საკუთრებად, რომ ეღიარებინათ სოხუმი და ცხინვალი.
ანუ გეოპოლიტიკურად საქართველო იყო დაუცველი. იმდროინდელი წესრიგის ევროკავშირი ვერ გადადგამდა მკვეთრ ნაბიჯებს მოსკოვის წინააღმდეგ. ანგელა მერკელი არ ყოფილა კრემლის აგენტი ან კორუფციონერი.
მაშინდელი გერმანული ბიზნესი რუსულ ბაზარზე მყარად იყო "ჩაქსოვილი" და გერმანული პოლიტიკა მკვეთრ მობრუნებას ვერანაირად მოახერხებდა.
ასეთ სიტუაციაში აშშ-ს პრეზიდენტი გახდა ბარაქ ობამა.
2009 წელს მოსკოვი ომის გამეორებისთვის ემზადებოდა. მაშინაც დავწერე საგაზეთო სტატიაში, რომ ომის ალბათობა იყო დაახლოებით 80%.
ამ დაძაბულ სიტუაციაში ბარაქ ობამა ოჯახით, ცოლ შვილით ჩადის მოსკოვში.
პუტინი მასპინძლობს ობამას "სამოვარზე" ჩამოცმული რუსული ჩექმის ფონზე. ეს იყო მესიჯი - სადაც რუსის ჩექმა დგას, ის მიწა რუსულიაო.
ჰოდა ობამამ "გადატვირთა", რაღაც ისეთი უთხრა, რამაც პუტინს ომზე ხელი ააღებინა.
ევროპას ბრწყინვალედ ესმოდა რაც გაკეთა ობამამ და სწორედ მოსკოვის გაჩერების გამო გადასცეს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
დაიჯერეთ ქართველებო.
2010 წელს კი ბარაქ ობამა აცხადებს სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ კონცეფციას "მრავალპოლარული სამყარო".
მინდა გითხრათ, რომ ასეთი კონცეფცია არ განხილულა გეოპოლიტიკურ მეცნიერებაში არავის მიერ. ავტორი არის თავად ბარაქ ობამა. ესეც გამონაკლისია, რომ ქვეყნის მმართველი გახდა გეოპოლიტიკური კონცეფციის ავტორი.
როგორც წესი გეოპოლიტიკის ერთეული სპეციალისტები (ზოგადად გეოპოლიტიკა არის კიდეც ერთეულების მეცნიერება) ამუშავებენ კონცეპტუალურ იდეებს, რომელსაც შემდეგ იყენებენ ქვეყნების მმართველები.
რატომ არის ობამას კონცეფცია უნიკალური?
იმიტომ რომ ამერიკის აღმოჩენიდან გლობალურ გეპოლიტიკაში დამკვიდრდა გეოპოლიტიკური ეპოქა სახელად "კოლუმბის ერა".
"კოლუმბის ერაში" აშშ გახდა გლობალური ჰეგემონი, გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრი. რამაც დაასუსტა ევროპა და შედეგად მოსკოვს მიეცა იმპერიად შექმნის გეოპოლიტიკური ფუნდამენტი.
მოსკოვის იმპერია სწორედ ხუთასი წლისაა.
ანუ ხუთასი წლის წინ რომ დაიკეტა აბრეშუმის გზა, განვითარდა სანაოსნო ვაჭრობა, რამაც გამოიწვია ამერიკის "აღმოჩენა" და მაშინ დაიწყო კოლუმბის ერა და პარალელურად დაიწყო მასკოვიის სამეფოს იმპერიალიზაცია.
მოსკოვი აღზევდა როგორც იმპერია და შეიქმნა მეორე სიმძიმის ცენტრად.
მოსკოვის იმპერიის არსებობის გეოპოლიტიკური გარანტია არის აღმოსავლეთ ევროპაზე ბატონობა და სრული კონტროლი. ამის გარეშე ეს იმპერია მოკვდება.
შესაბამისად, რატომ დაუფასა ევროპამ ობამას ღვაწლი?
სწორედ იმიტომ რომ ობამამ დახურა, დაასრულა "კოლუმბის ერა", დაასრულა ამერიკის ჰეგემონური პოლიტიკა. და რაც ყველაზე მთავარია, მოსკოვის იმპერიას არსებობის გეოპოლიტიკური ფუნდამენტი სრულად გაუნადგურა.
ამით ევროპა გამოთავისუფლდა მოსკოვის გეოპოლიტიკური წნეხისგან
და მყისიერად, ერთ წელიწადში 2011 წელს შვედეთის პრემიერი კარლ ბილდტი აცხადებს ახალ ევრაზიულ კონცეფციას:
აღმოსავლეთ პარტნიორობა.
ანუ ევროპა იწყებს აბრეშუმის გზის აღდგენას, რაც ნიშნავს აღმოსავლეთ ევროპის მოსკოვის კლანჭებიდან გათავისუფლებას და მოსკოვის იმპერიის სიკვდილს.
ნობელის პრემია შვედეთისაა. პრემიას მშვიდობის დარგში კი გასცემს ნორვეგია.
ვინ ვინ და სკანდინავიელებმა ყველაზე კარგად იციან რაც არის მოსკოვი და მყისიერად დაუფასეს ღვაწლი ბარაქ ობამას.
შემდეგ ობამამ კიდევ ორჯერ დაგვიცვა მოსკოვის აგრესიისგან. ყველაზე მთავარი იყო როცა სირიაში არ "გაგვცვალა".
სირიაში ასადს ქიმიური იარაღი სრულად შეგნებულად გამოაყენებინა მოსკოვმა. თან განმეორებით მაშინ, როცა საერთაშორისო კომისია უკვე იყო ჩასული. მოსკოვის მიზანი იყო რომ ამერიკული ჯარი შესულიყო სირიაში და ამის საპირწონედ რუსული ტანკები შემოგრუხუნდებოდნენ საქართველოში.
შემდეგ კი მოხდა ყველაზე მთავარი.
ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთი ჩაუდგა სათავეში აღმოსავლეთ ევროპას და 2015 წლიდან ნატო-ს დე ფაქტო ტერიტორია ვართ. ანუ ბარაქ ობამამ "გადაგვაბარა" ევროპას, გადაგვაფარა ნატო-ს ქოლგა. მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. ბაიდენის დროს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი.
აბრეშუმის გზის აღდგენა გარდაუვალია.
ამიტომ არიან ავტოკრატები - ტრამპი, პუტინი, ნეტანიაჰუ გამორჩეულად გამწარებულები ბარაქ ობამაზე.
დემოკრატების ლიბერალური გლობალიზაციის პოლიტიკამ საქართველო დააბრუნა გეოპოლიტიკურ რუკაზე, სადაც ფენომენალური ადგილი გვიკავია.
თეიმურაზ ზაქრაძე, ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი