
2026-01-10
2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკრაინა და მოლდოვა ევროპის ერთიანი როუმინგის სისტემას შეუერთდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის და მოლდოვას მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, ადგილობრივი ტელეფონის ნომრებით გააგზავნონ შეტყობინებები, განახორციელონ ზარები და გამოიყენონ ინტერნეტი ევროკავშირის 27 ქვეყანასთან კომუნიკაციის დროს დამატებითი გადასახადების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილია ევროპის ერთიანი როუმინგის სისტემაში მონტენეგროსა და ალბანეთის ჩართვაც.
ინფორმაციისთვის, „უფასო როუმინგის ზონა“ არის პოლიტიკა, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ასოცირებული ქვეყნების მობილური ტელეფონის მომხმარებლებს, გამოიყენონ თავიანთი მობილური ტელეფონები სისტემაში შემავალ ქვეყნებში, დამატებითი როუმინგის საფასურის გადახდის გარეშე.
ის ეფუძნება „Roam Like at Home” პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც როუმინგის საფასურის გარეშე ზონის სხვა წევრ ქვეყანაში მოგზაურობთ, თქვენი მობილური ზარები, ტექსტური შეტყობინებები და მონაცემები ისევე მუშაობს, როგორც სახლში და როუმინგისთვის დამატებითი გადასახადის გადახდა არ გიწევთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ერთიანი როუმინგის სისტემაში ჩართვა საქართველოს შემთხვევაში განიხილებოდა. ასე მაგალითად, ჯერ კიდევ 2024 წელს ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა: „მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი“.
2025 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის“.
მაშინ ელჩმა აღნიშნა, რომ "საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა“.
ამასთანავე, ელჩი საუბრისას შეეხო როუმინგის სისტემასაც და აღნიშნა, რომ „ხელისუფლების მიერ არჩეული ტრაექტორიის გამო, ქართველი ხალხი და ქართული ბიზნეს კომპანიები ქვეყნის მოდერნიზაციისთვის საჭირო სახსრებს, როუმინგის ნულოვან საფასურს, საბანკო ხარჯების შემცირებას, საბაჟო შემოწმებების შემცირებას და ბევრ, ბევრ სხვა სარგებელს კარგავენ“.