
2026-01-08
ჩინეთ-აზერბაიჯან-ევროპის მარშრუტზე, ანუ შუა დერეფნით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2030 წლისთვის შესაძლოა, გაორმაგდეს. ამის შესახებ საერთაშორისო ლოგისტიკურ ჯგუფ Rhenus Logistics-ის ანგარიშში წერია, რასაც Trend ავრცელებს.
ამ ჯგუფის სათავო ოფისი გერმანიაშია და მულტიმოდალურ ტრანსპორტირებასა და მიწოდების ჯაჭვის მართვაში არის სპეციალიზებული.
კომპანია ჩინეთ-აზერბაიჯან-ევროპის მარშრუტზე ტვირთის გადაზიდვის მაღალ და მდგრადი ზრდის პოტენციალს ხედავს.
„რაკი გლობალური მიწოდების ჯაჭვები დივერსიფიცირდება და კომპანიები უფრო მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს ეძებენ, ტრანსკასპიური დერეფანი სარეზერვო მარშრუტიდან ძირითად სავაჭრო მარშრუტად გადაიქცა,“ - წერს Rhenus Logistics.
შუა დერეფნით კონტეინერების გადაზიდვა წელიწადში, დაახლოებით, 35-40%-ით გაიზარდა.
ჯგუფის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრანსკასპიური მარშრუტით კონტეინერების გადაზიდვა წელიწადში, დაახლოებით, 35-40%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წელს 3.2 მლნ ტონას მიაღწია, მაშინ როცა 2022 წელს 1.5 მლნ ტონას შეადგენდა.
„ინვესტიციები ძირითად ჰაბებში, როგორიც ბაქო, აქტაუ და კურიკია, ასევე, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო კავშირის გაუმჯობესებული კოორდინაცია 2030 წლისთვის ტვირთის გადაზიდვის მოცულობას, სავარაუდოდ, გააორმაგებს,“ - წერს Rhenus Logistics.
კომპანია ვარაუდობს, რომ საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, ეფექტურ მულტიმოდალურ კოორდინაციასთან ერთად, გადაზიდვების მოცულობას უახლოეს წლებშიც გაზრდის.
„რეგიონსა და ძირითად ტერმინალებში Rhenus-ის აქტიური ყოფნა კომპანიას საშუალებას აძლევს, ამ ზრდას მხარი დაუჭიროს და დერეფანში საიმედო, მდგრადი ლოგისტიკური გადაწყვეტილებები უზრუნველყოს,“ - წერს ჯგუფი.