
2025-10-18
მიუხედავად რუსეთის მრავალჯერადი მცდელობისა დაემუხრუჭებინა ბალტიის ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრირების Rail Baltica-ს სარკინიგზო პროექტი, რომელსაც „საუკუნის პროექტსაც“უწოდებენ, რკინიგზის მშენებლობა დაგეგმვიდან რეალურ განხორციელებაზე გადადის - ასე აფასებენ დღეს ანალიტიკოსები Rail Baltica-ს პროექტის მიმდინარეობას.
რეალურად, ამ პროექტის ამოქმედებით ბალტიის ქვეყნებს შეექმნებათ მყარი ალტერნატივა, რათა ბოლო 30 წელიწადში რუსეთის მხრიდან მათი სატრანსპორტო დერეფნების ბლოკირებისკენ მიმართულ პოლიტიკას თავი დააღწიონ.
Rail Baltica წარმოადგენს უმსხვილეს რეგიონულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც დააკავშირებს ვარშავას, კაუნასს, ვილნიუსს, რიგასა და ტალინს.
პროექტის ტექნიკური პარამეტრებიდან გამოსაყოფია: ევროპული სიგანის ორლიანდაგიანი რკინიგზა, რომელიც სრულად ელექტროფიცირებული იქნება. სამშენებლო პერიოდი 10 წელიწადს შეადგენს. იგი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. სამგზავრო მოძრაობის სიჩქარე 250 კმ/სთ-ია, სატვირთო მოძრაობის - 120 კმ/სთ.
Rail Baltica-ს პროექტის დასრულება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ვადა 2033 წლამდე გადაიწიოს.
ბალტიის სამი ქვეყნის დამაკავშირებელი რკინიგზის სიგრძე 870 კმ-ია, აქედან ლიტვის ტერიტორიაზე გაივლის 392 კმ, ლატვიის - 265 კმ, ხოლო ესტონეთის - 213 კმ ზე.
რაც შეეხება დაფინანსებას, პროექტი ბალტიის ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტებისა და ევროკავშირის Connecting Europe Facility (CEF) ფონდის დახმარებით ხორციელდება. პროექტის ღირებულების 85%-ს ევროკავშირი აფინანსებს.
ევროკავშირიდან პროექტმა უკვე მიიღო 4 მილიარდი ევროს დაფინანსება. დანახარჯებისა და ინფლაციის გათვალისწინებით, პროექტის თავდაპირველი ღირებულება, რომელიც 2017 წლის ფინანსური ანალიზის მიხედვით 5.8 მილიარდ ევროს შეადგენდა, მნიშვნელოვნად გაიზრდება და 23.8 მილიარდ ევროს მიაღწევს. მათ შორის, პირველი რიგის სამუშაოებზე 15.3 მილიარდი ევროა გათვალისწინებული.
რუსეთი ოსტატურად იყენებს პროექტის გაძვირებას და ხშირად ადგილობრივ მოსახლეობაზე ზემოქმედებს პროექტის არაეფექტურობითა და გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე მითებით. მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, პროექტის განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს.
რუსეთი Rail Baltica-ს პროექტს ერთმნიშვნელოვნად განიხილავს, როგორც ნატოს რუსეთზე აგრესიის ფაქტორად, რადგან მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში ადვილად შესაძლებელი იქნება ევროპის ცენტრალური ნაწილიდან რუსეთის საზღვრებამდე ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადმოსროლა.
სადღეისოდ Rail Baltica-ს პროექტი აქტიურ ფაზაში გადავიდა. Rail Baltica-ს პროექტის ფარგლებში ლიტვის ტერიტორიაზე ოფიციალურად დაიწყო ევროპული სტანდარტის 1435 მმ სიგანის რკინიგზის ლიანდაგის დაგება.
2025 წლის ბოლოსთვის Rail Baltica-ს მთავარი ხაზის მიწის ვაკისის და ხელოვნური ნაგებობების 43% ლიანდაგის მშენებლობისთვის მზად იქნება, რაც ევროპის სარკინიგზო ქსელთან ინტეგრაციის მიმართულებით უდიდეს გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.