News

წლის ბოლოსთვის რუსეთის ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემებს ველოდებით

2025-05-27

რუსეთს ეროვნულ კეთილდღეობის ფონდში, დაახლოებით, 38 მლრდ დოლარი დარჩა, მაშინ, როცა 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ფონდში თანხის მოცულობა 150 მლრდ დოლარს შეადგენდა - ამის შესახებ ინფორმაციას „უკრინფორმი“ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაზვერვის მონაცემებით, სამხედრო ხარჯის გამო რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება და სერიოზულ პრობლემებს შესაძლოა, წლის ბოლომდე წააწყდეს.

„ფონდში ფული „დნება“. არალიკვიდურია მათი კიდევ ერთი რეზერვი, ფასიანი ქაღალდები, რადგან დღეს მათი გაყიდვა შეუძლებელია,“ - აცხადებენ უკრაინის საგარეო დაზვერვაში.

რაც შეეხება ოქროს, რეზერვი 1700 ტონამდე შემცირდა, მაშინ, როცა უკრაინის ომის დაწყებამდე რუსეთი 2300 ტონა ოქროს ფლობდა.

ამასთან, კეთილდღეობის ფონდი 164 მლრდ ჩინურ იუანს ითვლიდა, რაც, ასევე, თანდათან მცირდება.

„წლის ბოლოსთვის რუსეთის ეკონომიკაში სერიოზულ, კერძოდ, ფულად და შრომით რესურსთან დაკავშირებულ პრობლემებს ველოდებით. შესაძლოა, შესამჩნევი გახდეს ენერგეტიკის, საბინაო-კომუნალური მომსახურების კრიზისი და პერსონალის დეფიციტი,“ - აცხადებს უკრაინის საგარეო დაზვერვა.

აღსანიშნავია, რომ მაისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა თავად „როსსტატის“ მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი მკვეთრად შენელდა. კერძოდ, პირველ კვარტალში რუსეთის მშპ, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ 1.4%-ით გაიზარდა, რაც წინა კვარტალზე (4.5%-ზე) სამჯერ, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (5.4%-ზე), თითქმის, ოთხჯერ ნაკლებია. ფედერაციის კიდევ ერთი უწყების, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში სამრეწველო ზრდის ტემპი 5-ჯერ მეტჯერ, 5.7%-დან 1.1%-მდე შემცირდა, საცალო ვაჭრობის ბრუნვის ზრდა 5.5%-დან 3.2%-მდე, თითქმის, განახევრდა, ხოლო საბითუმო ვაჭრობამ 2023 წლის ზამთრის შემდეგ კვარტალში 2.1%-ით შემცირება პირველად დაიწყო.

ამასთან, რუსეთის მრეწველობაში ბიზნეს აქტივობის PMI-ინდექსი (Purchasing Managers' Index) 50 პუნქტზე დაბალი რჩება, რაც წარმოების შემცირებას ნიშნავს, ხოლო რუსეთის რკინიგზის ქსელში სატვირთო გადაზიდვები, წინა წელთან შედარებით სწრაფად, კერძოდ, 9.7%-ით მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, მეორე კვარტლის ბოლოსთვის ეკონომიკა ტექნიკურ რეცესიაში გადაიზრდება, რაც ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში შემცირებას ნიშნავს.

რუსულ GPB Private Banking-ის შეფასებით, ამჟამინდელი სტატისტიკა მიუთითებს, რომ რუსეთის მშპ-ის ზრდა ცენტრალური ბანკის პროგნოზის, ანუ 1%-ის ქვედა ზღვრამდე დაეცემა.

გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, „თუ კრემლს ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილება სურს, მან ომის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგაც კი ხარჯი მიმდინარე დონეზე უნდა შეინარჩუნოს, რადგან თუ სამხედრო ხარჯი შემცირდება, ეს ბევრ რეგიონში სამუშაო ადგილების დაკარგვასა და ზოგად იმედგაცრუებას გამოიწვევს.“

ცნობისთვის: უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის წინა ანგარიშით, კრემლმა საგანგებო სხდომა ჩანიშნა ქვეყნის შიგნით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების საგანგაშო შემცირების გამო. რუსეთის მთავრობა შიშობს, რომ შიდა ბაზარზე, განსაკუთრებით, თესვის სეზონზე შესაძლოა, საწვავის დეფიციტი გაჩნდეს. მიმდინარე მაისის მდგომარეობით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ნაწილი სიმძლავრეებს ამცირებს, ხოლო თუ კრიზისი გაღრმავდა, საწარმოები შესაძლოა, დროებით ან სამუდამოდ დაიხუროს.

„თუ ამჟამინდელი დინამიკა გაგრძელდა, მოსკოვი შესაძლოა სსრკ-ს დაშლის შემდეგ ენერგეტიკული ვერტიკალისთვის ყველაზე სერიოზული სისტემური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს. სანქციების ზეწოლასთან, გაყიდვის ბაზრების დაკარგვასთან და სამხედრო ხარჯთან ერთად ეს ქმნის რეალურ წინაპირობებს რუსეთის ეკონომიკის მთავარი საყრდენის, ნავთობისა და გაზის სექტორის ჩამოსაშლელად,“ - წერს უკრაინის საგარეო დაზვერვა.


bpn.ge