News

შუა დერეფანი მნიშვნელოვანია ცენტრალურ აზიასთან წვდომის გაუმჯობესებისთვის

2026-02-14

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის თქმით, შუა დერეფანი მნიშვნელოვანი კონცეფციაა.

"ძალიან ბევრი სამუშაოა - სჭირდება პოლიტიკური თანამშრომლობა, დაგეგმვა, ინვესტიციები და შემდეგ, ამ ყველაფრის აღსრულება. იდეალური ხედვა ასეთია: შავი ზღვის რეგიონი და შუა დერეფანი შექმნიან შეუმჩნეველი დაკავშირებადობის ველს სადაც ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინვესტიციები ადვილი განსახორციელებელია, კარგი ინფრასტრუქტურით, კარგი სამართლებრივი გარემოთი. ევროპელებს სად უყვართ ინვესტიციების დაბანდება? ევროკავშირში. თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება - ყველა იტყვის, ვხედავ, კარგი ჩარჩოა, ახლა მხოლოდ იმის გარკვევა დამრჩა, რა ბიზნეს შესაძლებლობები არსებობს. ისევ - ალტერნატიული სარგებლის კონტექსტში რომ განვიხილოთ, შუა დერეფნის განვითარება ევროპული კომპანიებით, ევროპული ინვესტიციებით, ევროპული სამთავრობო მხარდაჭერით - ასეთ პირობებში რა აწყობს საქართველოს უფრო მეტად? ევროკავშირთან ახლოს ყოფნა და არა - მისგან დაშორება. დიახ. ჩვენ გვინდა შუა დერეფნის განვითარება. ის მნიშვნელოვანია მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის, ცენტრალურ აზიასთან წვდომის გაუმჯობესებისთვის - მაგრამ შუა დერეფანმა უნდა დააკავშიროს ორი მხარე - ევროპა და აზია. არ ვიცი, საქართველოს სად უნდა ამ განტოლებაში, რომელ მხარეს ყოფნა უნდა? სადღაც შუაში ყოფნა უნდა? რაც უფრო დაშორდება ევროპას, მით უფრო რთული იქნება ევროპული კერძო და ოფიციალური კაპიტალის მონაწილეობა შუა დერეფნის საჭიროებების დაფინანსებაში",- ამბობს ელჩი.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსი სამხრეთ კავკასიურ ტურნეს, რომელშიც საქართველო არ ფიგურირებდა და TRIPP-ის ("ტრამპის მარშრუტი") ფაქტორს, ელჩი ასე აფასებს:"ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატების დიდ ინტერესს. ესეც ხვალ ვერ მოხდება - ბევრი სამუშაოა საჭირო და ბევრი ინვესტიცია - მაგრამ ლოგისტიკაში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტი მარშრუტია, მით უკეთესია. მაგრამ არაფერი ცვლის იმ ფაქტს, რომ იქნება მარშრუტი საქართველოს გარეშე. საქართველოს რომ წარმოვადგენდე, ვიჩქარებდი, რომ ჩემი კავშირები გამეძლიერებინა. ვფიქრობ, ეს კონკურენციაც არის",- განაცხადა ფიშერმა.

bm.ge