
2025-12-19
2025-12-19
ისტორიაში პირველად, იაპონია ცენტრალური აზიის ქვეყნების სამიტს აწყობს, რომელსაც ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერები ესწრებიან.
ღონისძიება ტოკიოში იმართება და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ფორუმის მიზანი აბრეშუმის გზის წევრებთან ურთიერთობების დაახლოება და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტში იაპონიის პოზიციების გაძლიერებაა. ამ ნაბიჯით კი ოფიციალური ტოკიო კონკურენციის გაწევას რუსეთთან და ჩინეთთან ცდილობს.
როგორც მედია წერს, სამიტის ფარგლებში გაიმართება ერთობლივი ღონისძიება, ასევე ერთი-ერთზე შეხვედრები იაპონიის პრემიერ-მინისტრსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შორის, რა დროსაც მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელებენ. პარალელურად, დაგეგმილია ბიზნეს ფორუმი, სადაც 6 ქვეყნის მსხვილი კომპანიები ინვესტირების შესაძლებლობებზე, ვაჭრობის მასშტაბების გაფართოებასა და ინფრასტრტურული პროექტების დაფინანსებაზე იმსჯელებენ. განხილვის თემა იქნება ციფრული ტექნოლოგიებიც, რა კუთხითაც იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.
არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ყაზახეთი 40-ზე მეტი შეთანხმების გაფორმებას აპირებს, რომელთა საერთო მოცულობაც $3.7 მილიარდი იქნება და მოიცავს ენერგეტიკას, განახლებად ენერგიას, ციფრულ ტექნოლოგიებს, წიაღისეულის მოპოვებასა და სატრანსპორტო ინდუსტრიას. პროცესში ჩართული იქნებიან მსხვილი იაპონური კომპანიები, როგორებიცაა Marubeni, Toshiba და Mitsubishi Heavy Industries-ი.
ოფიციალური ტოკიო მოელის, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან გრძელვადიანი პარტნიორობის დაწყებას შეძლებს და მიწოდების ახალ ხაზებს ჩამოაყალიბებს. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებზე საუბარი უსაფრთხოების საკითხებს არ შეეხება.