News

რკინის აბრეშუმის გზა

2025-04-24

დერეფნის მნიშვნელობა

ათასობით წლის წინ, „დიდი აბრეშუმის გზა“ აკავშირებდა ერთმანეთთან ევრაზიის სხვადასხვა ნაწილში მდებარე უდიდეს ცივილიზაციებს. იმ უძველეს ეპოქაშიც, კომუნიკაცია არა მხოლოდ პრუდუქციის, არამედ ტექნოლოგიების, იდეების, აღმოჩენების გაცვლის და  ღირებულებათა გავრცელების საშუალება იყო.

1998 წელს, სენატორ ბრაუნბეკის ინიციატივით, აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია „ახალი აბრეშუმის გზის“ მხარდაჭერის შესახებ. ისევე როგორც უძველეს ეპოქაში, ამ პროექტის მიზანია აზიის სწრაფად მზარდ ბაზრებთან დამაკავშირებელი უმოკლესი და უსწრაფესი ალტერნატიული გზების ძიება, კომუნიკაციათა დივერსიფიცირება, ტექნოლოგიების გავრცელება და ენერგომატარებელთა სტაბილური მიწოდება.

„ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში უკვე მოქმედებენ ტრასეკას, აგრეთვე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის „დიდი ნავთობსადენისა“ და ბაქო-თბილისი-ერზრუმის „დიდი გაზსადენის“ მაგისტრალები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს ეკონომიკური რეალობა კასპია – შავი-ზღვის რეგიონში, შექმნეს განვითარების ახალი პირობები და გააძლიერეს არა მხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნების, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება.

დღეს ემატება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ,,რკინის აბრეშუმის გზას”. იგი უმოკლესი მარშრუტით აკავშირებს ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს – ევროპასთან და პირიქით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, ყოველწლიურად იმართება Global Infrastructure Leadership Forum-ი, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიული პროექტების საბაზრო მოედანს და  მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის 100 საუკეთესო გლობალური პროექტის გამოვლენას. სწორედ აღნიშნულ ფორუმზე 2011 წლის იანვარში მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის დასახელდა “რკინის აბრეშუმის გზის” მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს  მარაბდა-კარწახის რკინიგზა. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, საუბარია, დაახლოებით, მილიარდ დოლარზე. ხარჯების კუთხითაც ეს ძალიან მასშტაბური პროექტია. სულ მალე  რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლა დაიწყება ამ გზით და შედეგებიც მალე სახეზე იქნება.

საქართველოს მონაკვეთი

ახალქალაქი -კარწახის ახალ მონაკვეთზე დაიგო 26.142 კმ ევროპული სტანდარტის 1435 მმ სიგანის ლიანდაგი რ/ბ შპალებზე. აშენდა 53 ხელოვნური ნაგებობა, აქედან 5 ხიდია, მათ შორის ხიდი მდინარე კირბულახზე, რომლის ანალოგიც  პოსტ საბჭოთა  სივრცეში  არ მოიპოვება.

წალკა – ახალქალაქის მონაკვეთზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 74 კმ სიგრძის ლიანდაგს, მათ შორის უპირაპირო წნულებით მოეწყო 55.829 კმ. აღნიშნულ უბანზე არსებული 149 ხელოვნური ნაგებობიდან რეაბილიტაცია - რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 133 ხელოვნურ ნაგებობას. აშენდა ახალი: 4 გზაგამტარი, 8 ბეტონის გადამღობი კედელი, 4 თოვლდამცავი გალერეა საერთო სიგრძით  2,5 კმ. გზაგამტარები და გალერიები აიგო გალვანიზირებული გოფრირებული მეტალოკონსტრუქციებით.

თეთრიწყარო – წალკის მონაკვეთზე რეაბილიტაცია ჩაუტარა 49.7 კმ სიგრძის ლიანდაგს, მათ შორის უპირაპირო წნულებით მოეწყო 37.6 კმ. ამ უბანზე მოეწყო ასაქცევი ჭივჭავი, რომლის სიგრძეა 3.7 კმ ლიანდაგი. თეთრიწყარო – წალკის უბანზე არსებული 114 ხელოვნური ნაგებობიდან რეაბილიტაცია - რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 103 ხელოვნურ ნაგებობას. აშენდა ახალი: 3 გზაგამტარი, 4 რ/ბ მილი, 1 ბეტონის გადამღობი კედელი, 1 ხიდი, 1 მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობა. 3 გზაგამტარი აშენდა  უახლესი ტექნოლოგიებით, გალვანიზირებული გოფრირებული მეტალოკონსტრუქციებით.

დასრულდა 154 მ სიგრძის ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხიდის მშენებლობა მდ. კირხბულახზე (ახალქალაქში). აგრეთვე დასრულდა ტექნიკური, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების შენობების მშენებლობა კარწახის სადგურში. აშენდა 51 ხელოვნური ნაგებობა (მათ შორის 3 ხიდი), დასრულდა მიწის ვაკისის მოწყობის ძირითადი სამუშაოები, მოეწყო 21,6 კმ უპირაპირო ლიანდაგი. დასრულდა 4 ახალი გზაგამტარის მშენებლობა; სადგურ ,,კარწახში“ ჩაიგო 26 კომპლექტი UIC-60 ტიპის 1/11 მარკის ისრული გადამყვანი; დასრულდა სადგურ კარწახის გარე ელმომარაგების 10 კვ საჰაერო ხაზის მშენებლობა.

ახალქალაქის სადგური

დასრულდა ვაგზლის შენობის სამშენებლო და კონსტრუქციული ნაწილები, ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შიდა საინჟინრო ქსელების, გათბობა-ვენტილაცია-კონდეცირების სისტემების მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები; ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარების და კეთილმოწყობის სამუშაოები.

დასრულდა სატვირთო რაიონში საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ბეტონის მოედნების  მშენებლობა, დამონტაჟდა საკონტეინერო 40 ტონიანი ამწე; დაიგო 9 კმ სხვადასხვა დანიშნულების სარკინიგზო ლიანდაგი და ჩაიგო 37 კომპლექტი ისრული გადამყვანი; დასრულდა  წევის ქვესადგურის შენობის მშენებლობა; დასრულდა სარკინიგზო და საავტომობილო სასწორების სამშენებლო სამუშაოები; სრულდება მიწისქვეშა კომუნიკაციების, ვაგონების ურიკების შეცვლის პუნქტის და სხვა ძირითადი საინჟინრო-ტექნიკური დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები. სატვირთო ვაგონების ურიკების გადაწყობის პუნქტში დამონტაჟდა 2  ჯოჯგინა ამწე.

ახალქალაქს უკვე ამშვენებს ევროპული სტანდარტის, თანამედროვე არქიტექტურის, ულამაზესი ვაგზლის შენობა, რომელიც დაპროექტებულია მსოფლიოში ცნობილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მეიერის მიერ. სულ მალე ახალქალაქის სადგური უზრუნველყოფს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვებს. ბაქო-თბილისი-სტამბულის სარკინიგზო მიმართულებით იმოძრავებენ უახლესი, თანამედროვე ტიპის მატარებლები.

დასრულდა საქართველო-თურქეთის სასაზღვრო (სარკინიგზო) გვირაბის
მშენებლობის სამუშაოები. მისი საერთო სიგრძეა 4470 მეტრი, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე – 2070 მეტრი; დასრულდა გვირაბის პორტალის მიმდებარე გალერიის (240 მეტრი) მშენებლობის ძირითადი სამუშაოები და სამთო არხის მშენებლობა; დასრულდა ლიანდაგის დაგება კარწახის სადგურიდან თურქეთის საზღვრამდე (2,4კმ).

მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთზე მშენებლობის   დასაწყისიდან  დაიგო 156,7 კმ ახალი ლიანდაგი; 318 ხელოვნური ნაგებობიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა 298 ნაგებობას. მოეწყო 5950 მეტრი ბორდიური, გაკეთდა 5 გაბიონის კედელი; ჩაიგო 21 ახალი 1/11-რ65  და 6 კომპ. რ65-1/9 ტიპის ისრული გადამყვანები; მოეწყო უპირაპირო ლიანდაგი 150 კმ; რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რკინიგზის 10 ვაგზლის შენობას; ცხრაძმის, წინწყაროს და თეთრიწყაროს სადგურებში დამონტაჟდა მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის (მპც) საკაბელო ქსელები და საპოსტო მოწყობილობები; ტრასაზე ჩაიდო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი 333 კმ, დამონტაჟდა კავშირგაბმულობის აპარატურა 11  სადგურზე და სიგნალიზაციის საპოსტო მოწყობილობები 3 სადგურზე;  ელექტრული წევის 7-ვე ქვესადგურში დასრულდა დანადგარების დამონტაჟება, გაშვება-გაწყობითი სამუშაოები და ჩართულია მუშა მდგომარეობაში; დაიდგა 3 500 ც-ზე მეტი საკონტაქტო ქსელის ანძა, დამონტაჟდა 153 კმ და დარეგულირდა 153 კმ საკონტაქტო ქსელი. №3, №4 და №5 თოვლდამცავ გალერეებში დამონტაჟდა კაბელისთვის პოლიეთილენის გარცმის d= 63 მმ-იანი მილები, სულ 8 000 მეტრი. 

2015 წლის  იანვარში მოხდა სატესტო - სამუშაო მატარებლის პირველადი 
გავლა სადგურ ,,კარწახამდე“; 

2016 წლის თებერვალში მარაბდა - ახალქალაქის მონაკვეთზე გაიარა 
სატესტო, სატვირთო მატარებელმა.

2017 წლის 27 სექტემბერს მარაბდა - ახალქალაქი–კარწახის მონაკვეთზე 
გაიარა სატესტო სამგზავრო 
მატარებელმა.

2017 წლის 2 ნოემბერს მარაბდა - ახალქალაქი - კარწახის მონაკვეთზე პირვალად გაიარა 30 კონტეინერით 
დატვირთულმა სატესტო სატვირთო 
მატარებელმა.

მარაბდა – თეთრიწყაროს მონაკვეთზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 29.2 კმ სიგრძის ლიანდაგს, მათ შორის უპირაპირო წნულებით მოეწყო 23.965 კმ ლიანდაგი. ამ უბანზე მოეწყო ასაქცევი,  რომლის სიგრძეა 5.1 კმ. მარაბდა თეთრიწყაროს უბანზე არსებული 56 ხელოვნური ნაგებობიდან რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 50 ხელოვნურ ნაგებობას. აშენდა ახალი: 2 გზაგამტარი, 4 რ/ბ მილი, 1 ბეტონის გადამღობი კედელი.

ახალ სარკინიგზო ხაზზე 35 ხიდი აშენდა და გარემონტდა.

პროექტის მიხედვით რკინიგზის მთელ ტერიტორიაზე დასრულდა შემდეგი სადგურების მშენებლობა:

სადგური “ცხრა ძმა”
სადგური “წინწყარო”
სადგური “თეთრიწყარო”
სადგური “ნადარბაზევი”
სადგური “ბედენი”
სადგური “წალკა”
სადგური “თრიალეთი”
სადგური “თაფარავანი”
სადგური “ფოკანი”
სადგური “ნინოწმინდა”
სადგური “კარწახი”

ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური რეგიონის უმთავრესი სარკინიგზო ჰაბია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სადგური მდებარეობს ზღვის დონიდან 1800 მ. სიმაღლეზე და მისი საერთო ფართობი შეადგენს 102 ჰექტარს.

ინფო: mkr.ge