
2026-02-17
12-13 მარტს ექსპო-ჯორჯია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. თიბისის მხარდაჭერით, ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდება, კონფერენციის ორგანიზატორები „ექსპო-ჯორჯია“ და საკონსულტაციო კომპანია Savvy არიან. საერთაშორისო გამოფენისა და ფორუმის მიზანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორის მხარდაჭერა და განვითარებაა. ღონისძიება გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებს, პორტებისა და რკინიგზის წარმომადგენლებს, საჰაერო გადამზიდავებს, საინვესტიციო და საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე იმპორტ–ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს.
ორდღიან ფორუმზე განხილული იქნება სექტორისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: შუა კორიდორის სტრატეგიული მნიშვნელობა, ზანგეზურის მარშრუტის განვითარება, სექტორის გამოწვევები, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები და ციფრული ლოგისტიკის განვითარების დინამიკა.
ლოგისტიკის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლად აქცევს, რაც ზრდის სატრანზიტო პოტენციალს და პირდაპირ აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე. სექტორის წილი მშპ-ში 6%-ს აღემატება და ბოლო წლებში სტაბილური ზრდით გამოირჩევა.
“თიბისისთვის ლოგისტიკა მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს - სექტორი აერთიანებს ბიზნესებს, რომლებიც მუშაობენ ექსპორტზე, უზრუნველყოფენ იმპორტს და აძლიერებენ საქართველოს როლს რეგიონულ ვაჭრობაში. მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით, ვქმნით პლატფორმას დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორობებისთვის, რაც სექტორის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს. როგორც ფინანსური პარტნიორი, აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენს კლიენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ბიზნესის გაფართოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. შედეგად, თიბისის პორტფელი ლოგისტიკის სექტორში ბოლო 3 წელში 74%-ით გაიზარდა და 436 მილიონ ლარს შეადგენს”, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
კონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: docs.google.com
ინფო: bm.ge