
2025-03-18
პანელური დისკუსია „კონკურენცია და თანამშრომლობა მომავლის უზრუნველსაყოფად”, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის, Raisina Dialogue -ის ფარგლებში გაიმართა. Raisina Dialogue ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, Observer Research Foundation (ORF)-ის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქ. ნიუ-დელიში. Raisina Dialogue ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრ კრისტოფერ ლუქსონთან ერთად გახსნა. პანელურ დისკუსიას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ფიგურა ესწრებოდა, მათ შორის: სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ტანია ფაიონი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საინვესტიციო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჰასან ელ ხატიბი, გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონათან პაუელი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანი ვიკრამ მისრი, Infosys-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნანდან ნილეკანი და DP World -ის მმართველი დირექტორი რიზვან სუმარი. დისკუსიის მოდერატორი იყო Observer Research foundation-ის პრეზიდენტი სამირ სარანი.
გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლიდან პანელურ დისკუსიაზე.
"საქართველო შესაძლოა ძალიან პატარა ქვეყანაა გეოპოლიტიკური პროცესების განსაზღვრისთვის, მაგრამ ის მდებარეობს იქ, სადაც გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს კვეთს, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ შესაძლებლობებით ეფექტიანად სარგებლობისთვის კი საკმარისი სიბრძნე და შორსმჭვრეტელობაა საჭირო. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც საქართველოს უწევს დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ასევე ის შესაძლებლობები, რომლებსაც მისი სტრატეგიული მდებარეობა გვთავაზობს. საუკუნეების განმავლობაში საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებდა. აბრეშუმის გზის დროიდან მოყოლებული, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის უზრუნველყოფაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე, საქართველომ კვლავ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა აღედგინა და გაეძლიერებინა ეს ისტორიული როლი თანამედროვე მსოფლიოში".
ბოჭორიშვილის თქმით აზერბაიჯანთან და თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. "ათწლეულების შემდეგ ეს პროექტები კვლავ ინარჩუნებს აქტუალურობას, რადგან აქვს უზარმაზარი პოტენციალი საერთო ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. ეს პროექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება დაკავშირებადობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვა",- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
"დიდი ხნის განმავლობაში საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად და არა გამყოფ ბარიერად. დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს აქტიურ მუშაობას და ინვესტიციებს მოითხოვს. ჩვენ ერთად შეგვიძლია განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ევროკავშირს, ევროპას. ჩვენ თავს მოვიაზრებთ ევროპის ნაწილად და ამიტომ ევროპის უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ გვეხება. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც არსებობს აღმოსავლეთის მიმართულებით და რომელიც სარგებელს მოუტანს მთელ ევროპის რეგიონს. შუა დერეფანი უზარმაზარ შესაძლებლობებს გვიხსნის და მისი განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელსაც ეს პროექტები სთავაზობს საქართველოს. შავი ზღვა-კასპიის ზღვის ენერგო და სატრანსპორტო დაკავშირებადობა, უამრავი პროექტი რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ან უკვე ხორციელდება საქართველოს ჩართულობით, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს პატარა რეგიონს” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„განსაკუთრებით უნდა გამოიყოს უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორები: მშვიდობა და უსაფრთხოება. მე ვსაუბრობ პატარა, მაგრამ ძალიან დინამიკურ რეგიონზე - სამხრეთ კავკასიაზე. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და ხელს უწყობდა თავისი მეზობლების - სომხეთისა და აზერბაიჯანის - ძალისხმევას და ჩვენ გვიხარია, რომ მათ იპოვეს გზა მშვიდობისკენ და განაცხადეს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. თუმცა, საქართველოს ორი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს რეგიონს. ჩემთვის, როგორც ქართველი დიპლომატისთვის, დიდი ხნის განმავლობაში რთულ ამოცანად რჩებოდა ამეხსნა ერთი მხრივ, რუსული ოკუპაციის საფრთხეები, ხოლო მეორე მხრივ, არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები. ეს რჩება რთულ ამოცანად, რადგან ოკუპაცია გრძელდება და უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ რჩება. თუმცა ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და ჩვენი პასუხი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება, სწორი რეფორმები. გლობალურ რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია ბიზნესის კეთების, ღია მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით. ეს მიღწევები შესაძლებელი გახდა მთავრობის მიერ გატარებული თანმიმდევრული რეფორმების შედეგად, განსაკუთრებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში. ჩვენ სწორედ ასე ვუპირისპირდებით ჩვენს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ინფო: commersant.ge