
2026-04-01
საქართველოში გზით სარგებლობის საფასური ევროზონისა და რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ თავის პუბლიკაციაში წერს.
მათივე ცნობით, ევროზონასა და რეგიონის უმეტეს ქვეყნებში გზით სარგებლობის საფასური დივერსიფიცირებულია და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე.
მათ შორის - სატრანსპორტო საშუალების წონაზე/ღერძების რაოდენობაზე, გზის კლასზე, ხმაურის დონეზე, გამონაბოლქვზე, ფასიანი გზით სარგებლობის პერიოდზე, ანუ იმაზე, თუ რამდენ დღეში დაფარავს სატრანსპორტო საშუალება სატრანზიტო მონაკვეთს.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, საქართველოში ასეთი კლასიფიკაცია არ არსებობს და კვლევის თანახმად, გადასახადი უნიფიცირებულია.
კერძოდ კი, როგორც TCRC წერს, ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთისას იხდის ფიქსირებულ საფასურს - 350 ლარს.
საქართველოს ტრანზიტული გადასახადი რეგიონში ყველაზე ძვირია - TCRC
„აუცილებელია საქართველოსთვის საშუალო სატრანზიტო მანძილის დადგენა.
კერძოდ, გავაშუალედოთ ძირითადი სატრანზიტო დერეფნების მანძილები:
სარფი – ლარსი – 499 კმ,
ფოთი – ლარსი – 450 კმ,
სარფი – სადახლო – 433 კმ,
ფოთი – სადახლო – 404 კმ,
სარფი – წითელი ხიდი – 436 კმ,
ფოთი – წითელი ხიდი – 387 კმ,
ლარსი – სადახლო – 240 კმ.
საქართველოს სატრანზიტო მონაკვეთების გაშუალედებული, საშუალო მანძილი შეადგენს 407 კმ-ს.
თუ გზათსარგებლობის საფასურის თანხას, 350 ლარს, გავყოფთ საშუალო სატრანზიტო მანძილზე – 407 კმ-ზე, მივიღებთ სატვირთო ავტოტრანსპორტის მიერ საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო დერეფნის ერთ კილომეტრზე გადახდილ თანხას, რომელიც შეადგენს 86 თეთრს, რაც კილომეტრზე 28 ევრო ცენტის ტოლფასია,“ - ვკითხულობთ კვლევაში.
TCRC წერს, რომ ერთ კილომეტრში გზით სარგებლობის გადასახადის მაჩვენებელი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ შვეიცარიასა და ავსტრიას, მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ევროზონის, ასევე რეგიონის ქვეყნების ფასიან გზებზე დაწესებულ საფასურს.
კვლევაში მოყვანილია რამდენიმე ქვეყნის გზით სარგებლობის საფასურის მაგალითიც, რომლის თანახმად 2026 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ხუთღერძიანი სატვირთო Euro 6 ტიპის შემადგენლობის საშუალო ღირებულება 1 კმ. მანძილის გავლაზე ამჟამად შეადგენს 22 ევრო ცენტს.
„EURO 6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებებს ჰაერის დაბინძურების გამო დამატებითი გადასახადები ეკისრებათ.
გადასახადის მოცულობაზე გავლენას ახდენს პერიოდი: ღამის საათებში ხმაურის შეზღუდვის რეგულაციის გათვალისწინებით, ზოგიერთ მონაკვეთზე მოქმედებს უფრო მაღალი ტარიფები.
ავსტრიაში EURO 6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებების გადასახადი ერთ კილომეტრზე 53 ევრო ცენტს შეადგენს.
ბელგიაში სამი რეგიონისთვის (ფლანდრია, ვალონია, ბრიუსელი) გზით სარგებლობის სამი განსხვავებული ტარიფი მოქმედებს.
EETS-ის სისტემა სატრანსპორტო საშუალების ერთი რეგიონიდან მეორეში გადასვლისას ავტომატურად არგებს ტარიფს. EURO 6 ტიპის მანქანისთვის საშუალო ტარიფი სამივე რეგიონისთვის 26 ევრო ცენტს შეადგენს,“ - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
TCRC საქართველოს სამი მეზობელი ქვეყნის - რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის გზითსარგებლობის საფასურზეც წერს:
„რუსეთში ფასიანი გზების სიგრძე 2 800 კმ-ია. ყველაზე მოთხოვნადი М-4 Дон – მოსკოვი – სოჩის ტრასაა, სადაც 17 მონაკვეთია (1 298 კმ) ფასიანი – ჯამური გადასახადი 5 800 რუბლს შეადგენს, რაც ერთ კილომეტრზე 8 ევრო ცენტის ტოლფასია.
მეორე მოთხოვნადი М-11 «Нева» – მოსკოვი – სანქტ – პეტერბურგის 699 კმ-იანი ტრასაა, რომელზეც დაწესებული გადასახადი 4 850 რუბლია, რაც ერთ კილომეტრზე 10 ევრო ცენტია.
რუსეთის სხვა ფასიან გზებზე გადასახადი მაღალია, ამიტომ სატვირთო ტრანსპორტისთვის საშუალო შეწონილი გადასახადი ერთ კილომეტრზე 13 ევრო ცენტია.
აზერბაიჯანი – ფასიანი გზები ნაკლებადაა განვითარებული; სადღეისოდ ფუნქციონირებს მხოლოდ ბაქო – გუბა – რუსეთთან დამაკავშირებელი 150 კმ სიგრძის ფასიანი გზა. სატვირთო ავტოტრანსპორტი ამ მონაკვეთზე იხდის 14.14 ევროს, რაც ერთ კილომეტრზე 10 ევრო ცენტის ტოლფასია.
თურქეთი – ჩქაროსნული ფასიანი გზების გარდა, ფუნქციონირებს ფასიანი ხიდებიც. ერთ-ერთ მოთხოვნად მიმართულებას წარმოადგენს სტამბული – იზმირის 480 კმ-იანი მონაკვეთი, რომლის ღირებულება სტამბულის ხიდის ჩათვლით 3 400 ლირას, ანუ ერთ კილომეტრზე გადაყვანით – 15 ევრო ცენტს შეადგენს.
საქართველოს ტერიტორიაზე კი, ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ტრანსპორტისთვის დაწესებული 350 – ლარიანი გზათ სარგებლობის საფასური, კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ერთ კილომეტრზე გადაანგარიშებით, საშუალოდ 28 ევრო ცენტის ტოლფასია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ევროზონის, ასევე რეგიონის ქვეყნების ფასიან გზებზე დაწესებულ საფასურებს.
საქართველოში მოქმედი გზათსარგებლობის საფასური დაწესებულია ყოველგვარი ეკონომიკური გაანგარიშების საფუძვლის გარეშე. ამასთან, მოუქნელია – არ ითვალისწინებს სატვირთო სატრანსპორტო საშუალების ეკოლოგიურ მდგომარეობას, არ არის დივერსიფიცირებული ავტომობილის წონის ნორმის, გზის კატეგორიისა და სატრანზიტო მანძილის მიხედვით, რაც გადამზიდავებს არასამართლიან მდგომარეობაში აყენებს.
ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილია ევროპაში ფართოდ აპრობირებული E-vignette-ის ელექტრონული (რამდენიც გაიარე – იმდენი გადაიხადე) სისტემის დანერგვა,“ - წერს TCRC.