News

დივრიგი-ყარსი-საქართველოს საზღვრის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის პროექტი

2025-07-01

დივრიგი - ყარსი - საქართველოს საზღვრის სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში თურქეთმა მსოფლიო ბანკისგან დასაფინანსებლად 660 ათასი დოლარი მიიზიდა, ხოლო თანადამფინანსებლები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი და ისლამური განვითარების ბანკი იქნებიან.

განცხადებას თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მთავარი სამმართველო ავრცელებს.

პროექტის სახელწოდება „აღმოსავლეთ თურქეთის შუა დერეფნის რკინიგზის განვითარებაა“ და ის ორი კომპონენტისგან შედგება.

პირველი არის დივრიგი-ყარსი-საქართველოს საზღვრის სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია, რაზეც, დაახლოებით, 1.339.2 მლრდ დოლარი დაიხარჯება. მეორე კომპონენტი პროექტის მართვაა, რაც, დაახლოებით, 5,5 მლნ დოლარით დაფინანსდება.

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კონტრაქტების შესყიდვები ბანკის IPF-მსესხებლებისთვის შესყიდვების რეგულაციების შესაბამისად განხორციელდება და ყველა კვალიფიციური კომპანიისა და ფიზიკური პირისთვის იქნება ღია, რაც აღნიშნული რეგულაციებით არის განსაზღვრული.

ცნობისთვის: იანვარში თურქეთის მთავრობამ „2053 წლამდე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების გენერალური გეგმა“ (Transport and Logistics Master Plan 2053 – U2053) მიიღო, რომლის მიზანიც არის ქვეყნის გადაქცევა „შუა დერეფნის ლოგისტიკურ ბაზად”(“become a logistics base in the Middle Corridor”). მთავრობა „შუა დერეფნის“ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებულ რამდენიმე საინვესტიციო პროექტს, მათ შორის, დივრიგი-ყარსი-საქართველოს საზღვრის რკინიგზის მოდერნიზების პროექტს განიხილავს, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში დერეფანი მიმზიდველ სატრანსპორტო არტერიად უნდა გარდაქმნას. კიდევ ერთი დიდი პროექტი სტამბოლში, სულთან სელიმ იავუზის ხიდზე სარკინიგზო მიმოსვლის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციაა.

ინფო:  bpn.ge